ჰოსტინგის ხელშეკრულება

ხელშეკრულება ჰოსტინგის მომსახურების გაწევის შესახებ


1. ხელშეკრულების საგანი

1.1 ოპერატორი გაუწევს აბონენტს ჰოსტინგის მომსახურებას, როგორც ეს განმარტებულია „მომსახურების გაწევის სტანდარტულ პირობებში“ (შემდგომში – „სტანდარტული პირობები“) და გულისხმობს აბონენტისათვის ვებსერვერზე მომსახურების პაკეტით განსაზღვრული ვებ-სივრცის გამოყოფას, რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნულ სივრცეზე აბონენტის მიერ განთავსებული ვებ-საიტ(ებ)ის (ვებ-ჰოსტინგი) ან/და საფოსტო ყუთების საჯარო ხელმისაწვდომობას (მეილ ჰოსტინგი) ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ვებ-ჰოსტინგის მომსახურება მოიცავს მეილ ჰოსტინგის მომსახურებასაც.

1.2 აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს მომსახურების საფასური და შეასრულოს ხელშეკრულებით და მხარეთა შორის სხვა (ინდივიდუალური) შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

1.3 მომსახურების მიწოდება ხორციელდება: 1. წინამდებარე დოკუმენტის; 2 „მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების“, 3. „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ და 4. „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“. ხელშეკრულების მატერიალური ფომით გაფორმებისას, ხელშეკრულებას თან ერთვის შეკვეთის ფორმა (სადაც განსაზღვრულია მომსახურების კონკრეტულ პირობები, მათ შორის, სააბონენტო გადასახდელს, ტარიფს და ა.შ.). ხელშეკრულების ელექტრონული ან სხვა ფორმით დათანხმების შემთხვევაში, აბონენტი ხელშეკრულების გაფორმებამდე ირჩევს მისთვის სასურველ პაკეტს და მისი პირობებია მოცემული იქნება პორტალზე. ჩამოთვლილი დოკუმენტები, წინამდებარე დოკუმენტთან ერთად წარმოადგენენ ერთიან (მთლიან) ჰოსტინგის მომსახურების ხელშეკრულებას (შემდეგში – ხელშეკრულება). აღნიშნული დოკუმენტები განთავსებულია ოპერატორის ვებგვერდზე (HOSTINGS.GE).

1.4 მხარეები თანხმდებიან, რომ მომსახურების/დამატებითი სერვისის მიღებისას, ოპერატორის მიერ შეთავაზებული ფორმით/პირობებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება, USSD, პორტალი, კოდური სიტყვა, ელექტრონულ მოწყობილობაზე ხელმოწერა – signature pad, ელ. ფოსტა) აბონენტის მხრიდან ნების გამოვლენა პორტალიდან, სააბონენტო ნომრიდან/საკონტაქტო ნომრიდან/ელ.ფოსტიდან ან ნებისმიერ სხვა ფორმით განხორციელებული დასტური უთანაბრდება მის მიერ გამოხატულ თანხმობას კონკრეტულ ქმედებაზე, პირად ხელმოწერას მატერიალურ დოკუმენტზე და გააჩნია იგივე იურიდიული ძალა.

1.5 ოპერატორი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მოახდენს აბონენტის შესახებ პერსონალურ მონაცემების დამუშავებას (კერძოდ, აბონენტის ვინაობის, პირადი ნომრის, მისამართის და სხვა ინფორმაციის, მათ შორის, კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების, რითაც შესაძლებელია აბონენტის იდენტიფიცირება), რაც ემსახურება, თუმცა არ შემოიფარგლება აბონენტისათვის მომსახურების გაწევის მიზნებით. ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით აბონენტი აცხადებს თანხმობას, რათა მისი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ოპერატორის მიერ, ისევე როგორც გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოს/პირის მონაცემთა ბაზაში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. აბონენტს უფლება აქვს ოპერატორისათვის მიმართვის გზით გამოიხმოს აღნიშნული თანხმობა ნებისმიერ დროს, რამაც შეიძლება გამოიწვევს მისთვის ცალკეული მომსახურების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა.

2. ქსელში ჩართვა/მომსახურების პირობები 

2.1 ოპერატორი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს მომსახურების აქტივაციას და შესაბამისი დომენის სახელის სერვერული (DNS) ჩანაწერის შექმნას. აქტივაციიდან 24 საათის განმავლობაში ოპერატორის პროგრამულ სისტემაში გენერირდება ვებ-სერვერზე წვდომის პარამეტრები  და ეგზავნება აბონენტს საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართზე. ვებ-სერვერზე წვდომის პარამეტრების გამოყენებით ხორციელდება ვებსერვერზე შესვლა და აბონენტისათვის ხელშეკრულების შესაბამისად გამოყოფილ ვებ-სივრცეზე წვდომა 2.4 პუნქტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად. 

2.2 ვებ-სერვერზე წვდომის პარამეტრები (ვებ-სერვერზე წვდომისათვის საჭირო მონაცემები, მათ შორის აბონენტის ვებსერვერის მისამართი, აბონენტის სახელი და პაროლი. პაროლი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს აბონენტის 2 მიერ) ანიჭებს აბონენტს პერსონალიზირებულ და ექსკლუზიურ წვდომას მომსახურებასთან. აბონენტი პასუხისმგებელია დაიცვას აღნიშნული პარამეტრების კონფიდენციალურობა.

2.3 მომსახურებასთან წვდომა ან/და მისი გამოყენება, რომელიც მიიღწევა ვებ-სერვერზე წვდომის პარამეტრების გამოყენებით წარმოადგენს უშუალოდ აბონენტის პასუხისმგებლობას. ვებ-სერვერზე წვდომის პარამეტრების გამოყენებით განხორციელებულ ყველა ქმედებაზე პასუხისმგებელია აბონენტი.

2.4 ვებ-სერვერზე განთავსებული ვებგვერდის, საფოსტო ყუთების და ზოგადად ნებისმიერი კონტენტის საჯაროდ ხელმისაწვდომობის ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა აბონენტის მიერ ვებ-სერვერზე წვდომის პარამეტრებთან ერთად მიღებული ე.წ. „NS“ მისამართების გაწერა შესაბამისი დომენის რეგისტრატორის ბაზაში. ამასთან, NS მისამართების გაწერა წარმოადგენს მკაცრად აბონენტის ვალდებულებას და ოპერატორი არანაირი სახით არ ახორციელებს იმის შემოწმებას, განხორციელდა თუ არა მათი გაწერა. ამასთან, მომსახურების საფასურის დარიცხვა/მომსახურების პაკეტის მოქმედების ვადის ათვლა ხორციელდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის/პაკეტის შეძენის დღიდან, მიუხედავად იმისა გაწერა განხორციელდა თუ არა შესაბამისი NS მისამართების გაწერა.

2.5 ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-სერვერის ინტერნეტთან კავშირი, რომ შესაბამისი პროტოკოლების გამოყენებით ინტერნეტ მომხმარებლებს უწყვეტად ჰქონდეთ წვდომა ვებ-სერვერზე განთავსებული ინფორმაციაზე.

2.6 ოპერატორი უზრუნველყოფს სერვერზე განთავსებული მონაცემებისა თუ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას 24 საათის განმავლობაში. ამასთან, აბონენტისთვის ცნობილია, რომ სერვერზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა დომენის სტატუსი/ჩართულობა, DNS ჩანაწერების ვალიდურობა, ლიცენზირებული/განახლებული პროგრამებისა და აპლიკაციების გამოყენება და ა.შ. ისევე როგორც ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ხარისხიანი მომსახურების მიწოდება. შესაბამისად, ოპერატორი პასუხისმგებელი არ არის იმ შემთხვევებზე, როდესაც სერვერზე წვდომის შეზღუდვა/შეფერხება განპირობებულია ზემოაღნიშნულ ფაქტორების გამო.

2.7 აბონენტი ვალდებულია თავად უზრუნველყოს, ვებ-სერვერზე განთავსებული ვებგვერდის, საფოსტო ყუთის თუ სხვა მონაცემების სარეზერვო ასლის (ე.წ. „back up“) ქონა. ოპერატორი არ უზრუნველყოფს ვებ-სერვერზე განთავსებული მონაცემების უწყვეეტ რეჟიმში სარეზერვო ასლის შენახვას. სარეზერვო ასლები ოპერატორის მიერ შესაძლოა პერიოდულად კეთდებოდეს და გარკვეული ვადით ინახებოდეს, ტექნიკური შეფერხებების და დაზიანებების დროს, მათი აღდგენის საჭიროებისათვის და არა აბონენტისათვის მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

2.8 სატარიფო გეგმით შესაძლოა შეზღუდული იყოს საფოსტო ყუთებიდან გაგზავნილი ელ. წერილების რაოდენობა და მათი მოცულობა. (მაგალითად: სტანდარტულად 1 საათის განმავლობაში დომენის ქვეშ დარეგისტრირებული საფოსტო ყუთიდან შესაძლებელია არაუმეტეს 30 ელ. წერილის გაგზავნა, ხოლო ელ. წერილის ნებადართული მაქსიმალური მოცულობაა – ვებ-მეილით 20 გბ, საფოსტო პროგრამით 10 გბ.).

3. მომსახურების ხარისხი 

3.1 ოპერატორი გამოიყენებს გონივრულ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს მომსახურების ხელმისაწვდომობა ყოველთვიური 98,3%-იანი მაჩვენებლით, რაც გულისხმობს ყოველი სრული საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მომსახურების ჯამში არაუმეტეს 12.25 (თორმეტი საათი და ოცდახუთი წუთი) საათიან შეწყვეტას ან შეფერხებას, რომლისთვისაც ოპერატორს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა და რომელიც ამავდროულად არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა (ისეთი დაზიანება, რომელიც არ ჩაითვლება ზემოაღნიშნულ 12.25 საათიან პერიოდში). 

3.2 ხელშეკრულებით განსაზღვრული დათქმებისა და „სტანდარტული პირობებით“ გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებით, თუ მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების ხანგრძლივობა გადასცდა ამ ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრულ დროს, ოპერატორის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება და განისაზღვრება შემდეგი სახით: აბონენტს, სააბონენტო ანგარიშზე გააქტიურდება სააბონენტო ლიმიტი, რომელიც ტოლია შესაბამისი წყვეტის დროის პროპორციული სააბონენტო გადასახდელის საფასურის 8%-ის. გაუგებრობისა და ორაზროვნების თავიდან ასაცილებლად, მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი მომსახურების შემთხვევაში, ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის აბონენტის სააბონენტო ანგარიშზე გასააქტიურებელი ლიმიტის ოდენობა განისაზღვრება, კონკრეტული დასაკომპენსირებელი მომსახურების დაბრუნების მომენტში არსებული ძირითადი მომსახურების საფასურიდან. 

3.3 მომსახურების შეწყვეტის ან შეფერხების დრო დაითვლება აბონენტის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი წესით ოპერატორის შეტყობინების მომენტიდან მის აღმოფხვრამდე. 

3.4 აბონენტმა ნებისმიერი ტიპის დაზიანებისა და მომსახურების მიღების შეფერხების შესახებ ოპერატორს უნდა შეატყობინოს: 

ელ. ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე – info@hostings.ge;

ცხელ ხაზზე განხორციელებული ზარით, ელ. ფოსტაზე ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში.

ბილინგ სისტემიდან (hostings.ge) ბილეთის გახსნის საშუალებით

3.5 მომსახურების თავისებურებიდან გამომდინარე მომსახურება და მისი ხარისხი შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების სისტემებისა და ქსელის ფუნქციონირების ხარისხზე, აგრეთვე ოპერატორის ქსელის განთავსების ინფრასტრუქტურის (იგულისხმება სხვა პირების ინფრასტრუქტურა) გამართულობაზე, რომელიც სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ხარისხს. ოპერატორის არ არის ვალდებული აღმოფხვრას დაზიანება თუ დაზიანება არის აბონენტის მხარეს ან გამოწვეულია აბონენტის კუთვნილ სივრცეზე არსებული ჩანაწერების/ფაილების ტექნიკური გაუმართაობით/დაზიანებით/წუნით ან ავტომატური განახლებისას აბონენტი არ განახორციელებს განახლების მის მხარეს. 

3.6 აბონენტი უფლებამოსილია მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მიიღოს ცხელი ხაზის საშუალებით. 

3.7 ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი ისეთ შემთხვევებზე, რა დროსაც მესამე პირთა ქმედების აღსაკვეთად უსაფრთხოების სისტემა ავტომატურად შეზღუდავს აბონენტის კავშირს ვებ-სერვერთან. 

3.8 ხელშეკრულების 3.1 პუნქტით განსაზღვრული საკომპენსაციო პირობა ამოქმედდება მხოლოდ აბონენტის წერილობითი, მათ შორის ელ. ფოსტის საშუალებით მოთხოვნის შემთხვევაში, ამასთან, ამგვარი მოთხოვნა ოპერატორს უნდა წარედგინოს მიმდინარე საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში

4. მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტა/აღდგენა

4.1 ოპერატორი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს აბონენტს მომსახურების მიწოდება:

4.1.1 მომსახურების საფასურის (სააბონენტო გადასახდელი, დამატებითი სერვისის საფასური ან სხვა საფასურის) დადგენილ ვადაში გადაუხდელობის ან მომსახურების პაკეტის ვადის გასვლის/მოცულობის ამოწურვის შემთხვევაში;

4.1.2 „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“ დარღვევისას;

4.1.3 ოპერატორის მიერ აბონენტისთვის გაწეულ ნებისმიერ სხვა მომსახურებაზე დავალიანების არსებობისას, გარდა იმ შემთხვევისა თუ აბონენტს მომსახურება წინასწარ აქვს შეძენილი;

4.1.4 ხელშეკრულების პირობის დარღვევისას;

4.1.5 კონკრეტული მომსახურების/დამატებითი სერვისის გაუქმების ან მისი მოდიფიცირებისას ან თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე ობიექტური მიზეზების გამო ოპერატორს აღარ ექნება მომსახურებას მიწოდების შესაძლებლობა;

4.1.6 ოპერატორი მიიღებს შესაბამისი მოთხოვნის შემცველ შეტყობინებას უფლებების მფლობელი პირისგან ან/და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსგან, იმის თაობაზე რომ აბონენტის მიერ ხორციელდება იმ მონაცემების თუ ნაწარმოების რეპროდუცირება ან/და გავრცელება, რომელიც დაცულია საკუთრების უფლებით/ინტელექტუალური სამართლით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი უფლებების მფლობელი პირისგან ან/და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს (მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) შეტყობინება წარმოადგენს მომსახურების მიწოდების შეზღუდვისათვის საკმარისს საფუძველს.

4.2 მომსახურების შეზღუდვა ავტომატურად იწვევს დამატებითი სერვისის შეზღუდვას, თუ ასეთი დამატებით სერვისის პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4.3 ოპერატორის მიერ გაგზავნილი ნებისმიერი შეტყობინება ჩაითვლება მიღებულად, გაგზავნის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აბონენტის მიერ მოხდება თუ არა ასეთი შეტყობინების შინაარსის ფიზიკურად მიღება/წაკითხვა/მოსმენა.

4.4 მომსახურების მიწოდება განახლდება დავალიანების სრულად დაფარვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან შეზღუდვის სხვა საფუძვლის აღმოფხვრიდან 24 საათის განმავლობაში. თუ დავალიანების დაფარვა აისახება არასამუშაო საათებში, მაშინ მომსახურების მიწოდება შესაძლოა განახლდეს მომდევნო სამუშაო დღის (ნებისმიერი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, გარდა უქმე და არასამუშაო დღეებისა) პირველი სამუშაო საათის განმავლობაში.

4.5 ავანსის/ერთეულების ამოწურვის შემთხვევაში ან პაკეტის ვადის გასვლის შემთხვევაში ან დავალიანების არსებობისა, თუ არ შეიზღუდა მომსახურების მიწოდება აბონენტი ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების საფასური.

4.6 თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმებით, ფულადი ვალდებულება აბონენტის მხრიდან უნდა შესრულდეს ოპერატორის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპერატორი უფლებამოსილი იქნება დაარიცხოს ჯარიმა გადაუხდელი თანხის 20 პროცენტის ოდენობით.

5. ტარიფები 

5.1 ოპერატორის მიერ აბონენტისათვის შეთავაზებული მომსახურებ(ებ)ი, პაკეტები და სხვა დამატებითი პირობები და მომსახურებები მოცემულია ოპერატორის ვებგვერდზე. აბონენტის მიერ არჩეული მომსახურების პაკეტი მოცემულია შეკვეთის ფორმაში ან პორტალზე. 

5.2 ანგარიშსწორება წარმოებს წინასწარი გადახდის წესით, თუ კონკრეტული მომსახურების გეგმით, შეკვეთის ფორმით ან მხარეთა დამატებითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 

5.3 აბონენტის მიერ ვებ-სივრცეზე მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, ვებგვერდის თუ ნებისმიერი სხვა კონტენტის განთავსება ხდება იმ ფარგლებში და იმ პირობებით, რომელიც განსაზღვრულია შესაბამისი მომსახურების პაკეტით და რომელი პაკეტიც არჩეულ იქნა აბონენტის მიერ ხელშეკრულების დადების მომენტში. 

5.4 აბონენტის მიერ არჩეული სატარიფო გეგმით განსაზღვრული ტრაფიკის ამოწურვის შემდეგ, ვებ-სივრცეზე განთავსებული მონაცემები, ელექტრონული ფოსტა, ვებგვერდი, თუ ნებისმიერი სხვა კონტენტი ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ტრაფიკთან და ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული ინფორმაცია აბონენტს მიეწოდება ვებსივრცის სამართავი პანელის საშუალებით. 

5.5 სხვა სატარიფო გეგმების, დამატებითი სერვისის, მომსახურების პაკეტების პირობები მოცემულია ოპერატორის ვებგვერდზე. აბონენტი უფლებამოსილია მისი შეხედულებისამებრ, ოპერატორის მიერ განსაზღვრული ფორმით/პირობებით, გაიაქტიუროს/შეიძინოს ოპერატორის მიერ შეთავაზებული ტარიფი/პაკეტი. 

5.6 ტარიფები მოცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, თუ კონკრეტული მომსახურების ტარიფით გათვალისწინებული პირობებით, სხვაგვარად არ არის განსაზღვრული. 

5.7 ანგარიშსწორება ხორციელდება სააბონენტო ანგარიშზე თანხის განთავსების ან უშუალოდ მომსახურების პაკეტის შეძენით. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია პორტალის ან ოპერატორის ვებგვერდის ან ოპერატორის მიერ შეთავაზებული სხვა საშუალებით. ანგარიშზე თანხის ჩასარიცხად მესამე პირების სერვისის გამოყენებისას, სერვისის საფასური და პირობები დგინდება ასეთი სერვისის გამწევი კომპანიის მიერ და იგი სცილდება ოპერატორის პასუხისმგებლობის ფარგლებს. 

5.8 ოპერატორი უფლებამოსილია აბონენტის ნებისმიერი მომსახურების ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოჭრას ოპერატორის მიერ გაწეული ნებისმიერი მომსახურების საფასური ან ნებისმიერი სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან მისაღები თანხა.

6. მომსახურების და ხელშეკრულების პირობების ცვლილება 

6.1 მომსახურების/ხელშეკრულების პირობები ან ტარიფები სრულად ან ნაწილობრივ შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს ოპერატორის ინიციატივით, ცალმხრივად მინიმუმ 30 დღით ადრე აბონენტის შეტყობინების საფუძველზე.  

6.2 თუ ცვლილებების შედეგად იზრდება მომსახურების საფასური ან არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა, ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის ინფორმირებას ინდივიდუალური შეტყობინებით, განახლებული ინფორმაციის მიღების საშუალების მითითებით. ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორი უფლებამოსილია არ დაიცვას 6.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადა.  

6.3 აბონენტი უფლებამოსილია ახალი პირობების ან ტარიფების ძალაში შესვლამდე, შეცვალოს მომსახურების პაკეტი ან შეწყვიტოს იმ მომსახურების სახეობა, რომელსაც ეხება ცვლილებები ან შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ აბონენტი გააგრძელებს მომსახურების შეცვლილი პირობებით მიღებას მიიჩნევა, რომ იგი სრულად ეთანხმება ცვლილებებს. 

6.4 აბონენტი უფლებამოსილია გაიაქტიუროს/შეიძინოს ოპერატორის მიერ შეთავაზებული მისთვის სასურველი სატარიფო გეგმა/დამატებითი სერვისი. ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის მიერ შერჩეული სატარიფო გეგმის/ან აქციის პირობების გაცნობის და გააქტიურების შესაძლებლობას სხვადასხვა ფორმით (IVR, SMS, USSD და ა.შ.) ინფორმაცია ტარიფის შეცვლის, აქციაში/სატარიფო გეგმაში ჩართვის პირობების შესახებ პერიოდულად ქვეყნდება ოპერატორის ვებგვერდზე.  

6.5 აბონენტის ნების გამოვლენა შესაძლოა დადასტურდეს SMS, USSD პორტალის, აპლიკაციის, საკონტაქტო მონაცემებიდან გამოგზავნილი შესაბამისი დასტურით და ნებისმიერი სხვა ფორმით. მომსახურების/დამატებითი სერვისის/მომსახურების პაკეტის აბონენტის მიერ აქტივაცია გულისხმობს, რომ აბონენტი დეტალურად გაეცნო მის პირობებს და უპირობოდ ეთანხმება მათ. 

6.6 იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ მუხლით დადგენილი წესით, ხელშეკრულების პირობები შესაძლებელია ოპერატორის მიერ ცალმხრივად შეიცვალოს, ოპერატორის ვებგვერდზე ქვეყნდება ხელშეკრულების ტექსტის განახლებული ვერსია, ცვლილებების თარიღების მითითებით და ამ ვერსიას ექნება უპირატესი ძალა მხარეთა შორის მანამდე მოქმედ ხელშეკრულებასთან მიმართებით. 

7. ხელშეკრულების ძალაში შესვლა, მოქმედების ვადა, შეწყვეტა 

7.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა ხელმოწერის ან აბონენტის მიერ ოპერატორის მიერ შეთავაზებული ფორმით დათანხმებიდან და მოქმედებს 1 (ერთი) წლის ვადით (საწყისი ვადა). 

7.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (როგორც საწყისი ისე დამატებითი ვადა) სულ მცირე 1 კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება ყოველ ჯერზე მომდევნო 1 (ერთი) (დამატებითი ვადა) წლიანი პერიოდებით. 

7.3 ხელშეკრულება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შეწყდეს: 

7.3.1 მხარეთა შეთანხმებით; 

7.3.2 აბონენტის მოთხოვნით; 

7.3.3 ოპერატორის ინიციატივით, აბონენტი მხრიდან მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 45 დღის განმავლობაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში; 7.3.4 ოპერატორის ინიციატივით, ცალმხრივად ოპერატორთან გაფორმებული წინამდებარე თუ სხვა ხელშეკრულების ფარგლებში „კეთილსინდისიერი სარგებლობის წესების“ დარღვევის შემთხვევაში; 

7.3.5 ერთი მხარის ინიციატივით, თუ მეორე მხარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს და დამრღვევი მხარე გაფრთხილების მიუხედავად არ აღმოფხვრის დარღვევას ან გაფრთხილების მიუხედავად განმეორებით დაარღვევს კონკრეტულ ვალდებულებას; 

7.3.6 ოპერატორის მიერ, კონკრეტული მომსახურების სახეობის/ტექნოლოგიის გაუქმების ან მოდიფიცირებისას ან თუ კონკრეტულ ტერიტორიაზე ობიექტური მიზეზების გამო, ოპერატორს აღარ ექნება მომსახურებას მიწოდების შესაძლებლობა; 

7.3.7 ერთ-ერთი მხარის გარდაცვალების/ლიკვიდაციისას; 

7.3.8 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 

7.4 ხელშეკრულების შეწყვეტისას ოპერატორი ვალდებული არ არის უზრუნველყოს ვებ-სერვერზე განთავსებული მონაცემების შენახვა და უფლებამოსილია აბონენტის ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე წაშალოს ყველა მონაცემი, მათი აღდგენის შესაძლებლობის გარეშე. 

7.5 აბონენტს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის (შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში) სააბონენტო ანგარიშზე არსებული და გაუხარჯავი თანხის დაბრუნება. აბონენტს თანხა დაუბრუნდება მოთხოვნიდან 30 დღის განმავლობაში, დავალიანების (მათ შორის, ოპერატორთან არსებული სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე) და მომსახურების ხარჯების გამოკლებით. 

7.6 ხელშეკრულების შეწყვეტისას უქმდება სააბონენტო ანგარიშზე არსებული ნებისმიერი სახის ერთეულები, საჩუქარი, შეღავათი, ქულა და სხვ…

8. პასუხისმგებლობა 

8.1 ოპერატორი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს აბონენტს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს აბონენტს ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად და რომელიც გამოწვეულია, ოპერატორის დადასტურებული ბრალეულობით, მხოლოდ განზრახი ქმედებით ან უხეში გაუფრთხილებლობით. 

8.2 აბონენტი კისრულობს პასუხისმგებლობას აუნაზღაუროს ოპერატორს ის ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ოპერატორს აბონენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად. 

8.3 გარდა ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მოქმედი კანონმდებლობით არის დაშვებული, არცერთი მხარე არ არის პასუხისმგებელი მეორეს წინაშე არაპირდაპირი ზიანისათვის, მათ შორის, წარმოების ან საქმიანობის შეჩერების, მონაცემთა დაკარგვის, მიუღებელი სარგებლის ან ნაყოფის ან სხვა არაპირდაპირი დანაკარგისათვის ან მათი შედეგებისათვის. 

8.4 აბონენტი ვალდებულია დაიცვას ოპერატორი მესამე პირთა მხრიდან დომენთან დაკავშირებით წაყენებული პრეტენზიების, საჩივრების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებისაგან.

9. ქსელის უსაფრთხოება. აკრძალვები 

9.1 აბონენტი ვალდებულია კეთილსინდისიერად ისარგებლოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებებით და დაიცვას „კეთილსიდისიერი სარგებლობის წესები“.  

9.2 აბონენტს ეკრძალება მომსახურების მიღებისას ისეთი პროგრამული კოდების განთავსება, რომელიც იძლევა ამა თუ იმ სერვერზე არასანქცირებული შეღწევის საშუალებას (PHP Shell, Virus და ა.შ.), ასევე სერვერული რესურსის (მაგ. CPU, RAM, Network) ან/და ქსელის გადაჭარბებით მოხმარება/გადატვირთვა შეუსაბამოდ მაღალი აქტივობით, რაც ხელს უშლის იმავე სერვერზე არსებულ სხვა მომხმარებლებს მომსახურების მიღებაში. 

9.3 მომსახურების მიღებისას აბონენტი ვალდებულია გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება რათა არ დაარღვიოს საავტორო, მომიჯნავე ან სხვა ნორმატიული აქტით განსაზღვრული ინტელექტუალური საკუთრების უფლებები. 

9.4 აბონენტი თავად და სრულად არის პასუხისმგებელი ვებ-სერვერთან წვდომის პარამეტრების გამოყენებასა და მათი გამოყენებით დამდგარ შედეგებზე. ვებ-სერვერთან წვდომის პარამეტრების მეშვეობით მომსახურების გამოყენება (მონაცემების გადაცემა, მიღება, მიმოცვლა თუ სხვა) ჩაითვლება როგორც აბონენტის მიერ ინიცირებულ ქმედებად. 

9.5 თავად აბონენტი არის პასუხისმგებელი ყველა იმ სათანადო ზომის და საშუალების მიღებაზე, რომელიც საჭიროა მისი მონაცემებისა თუ პროგრამული უზრუნველყოფის დაცვისთვის, განსაკუთრებით იმ ვირუსებისა და მავნე პროგრამებით ინფიცირებისაგან, რომელთა გავრცელების წყაროს წარმოადგენს ინტერნეტი, აგრეთვე, თავად აბონენტი არის პასუხისმგებელი  ნებისმიერი მესამე პირის მიერ ნებისმიერი მიზნით სისტემებსა და ტერმინალურ მოწყობილობაში შეღწევისაგან (ლეპტოპი, მობილური და სხვა) დაცვაზე. 

9.6 ოპერატორის უსაფრთხოების სისტემების ფუნქციონირების შედეგად, შესაძლოა განხორციელდეს ავტომატური განახლება, რა დროსაც აბონენტი ვალდებულია თავად უზრუნველყოს მის მხარეს არსებული პროგრამული უზრუნველყოფის, ტერმინალური მოწყობილობის შესაბამისობაში მოყვანა (მაგ. განახორციელოს, ვებ-გვერდის კონფიგურაცია, კომპიუტერზე პროგრამული უზრუნველყოფის განახლება და ა.შ). 

9.7 მომსახურების მიწოდება შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს ავტორიზაციისას არასწორი მონაცემების შეყვანის შემთხვევაში ან არარსებულ/დროებით მიუწვდომელ ელ. ფოსტაზე შეტყობინებების გაგზავნის მრავლჯერადი მცდელობის შემთხვევაში. 

9.8 აბონენტი აცნობიერებს, რომ აბონენტისთვის გამოყოფილი ვებ-სივრცე არ არის ინდივიდუალური და აბონენტის მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდიერი სარგებლობის პირობების დარღვევამ, შესაძლოა გამოიწვიოს ოპერატორის ქსელის ან/და სერვერების ხელმისაწვდომობის დარღვევა, გაუარესება, გადატვირთვა, შეფერხება, რომელიც უარყოფითად იმოქმედებს როგორც აბონენტისთვის, ასევე სხვა აბონენტებისათვის მიწოდებულ მომსახურების ხარისხსა და მის ხელმისაწვდომობაზე. 

9.9 ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი აბონენტის მიერ ქსელში გატარებულ ინფორმაციაზე ან/და ვებ-სივრცეზე განთავსებული ინფორმაციის შინაარსზე და მასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება აბონენტს. 

9.10 სერვერისა და მომხმარებლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოპერატორი დროდადრო განახორციელებს ავტომატურ განახლებებს. ასეთმა განახლებამ შესაძლოა გამოიწვიოს კონფიგურაციის ცვლილება და აბონენტი ვალდებულია უზრუნველყოს განახლება მის მხარეს, ისევე როგორც მოწყობილობის (კომპიუტერი, ტელეფონი და ა.შ) პროგრამული უზრუნველყოფის თავსებადობა.  

10. პრეტენზიის წარდგენის წესები/დავის გადაწყვეტა 

10.1 აბონენტი უფლებამოსილია პრეტენზიით (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) მიმართოს ოპერატორს ცხელი ხაზზე ან ელ. ფოსტაზე ან მისამართზე. საჩივრის ფორმა და მისი განხილვის წესები მოცემულია ოპერატორის ვებგვერდზე. აბონენტის საჩივარი განხილული იქნება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 

10.2 მხარეებს შორის დავა მხარის (პრეტენდენტის) არჩევანით, განსახილველად  შესაძლებელია გადაეცეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს (მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე) ან სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წარმოადგენს დავის განმხილველ განსჯად სასამართლოს). ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ თუ დავა ეხება აბონენტის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიქცეულ იქნება აღსასრულებლად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე. 

11. დასკვნითი დებულებები 

11.1 აბონენტი ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო და ზუსტად აღიქვამს ამ ხელშეკრულების პირობებს/შინაარსს, სამართლებრივ შედეგებს და იგი სრულად შეესაბამება მის ნებას (ეთანხმება მას). ამასთან, მის მიერ ნების გამოვლენა მოხდა ხელშეკრულების პირობის შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან. 

11.2 აბონენტი ადასტურებს მის მიერ მითითებული საკონტაქტო მონაცემების ნამდვილობას და სისწორეს. 

ჩვენი პარტნიორები

Powered by WHMCompleteSolution